ისრაელსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შეხვედრები გამართა
2023 წლიდან თელ ავივიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყების მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ ისრაელში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.
თამარ არჩუაძე თელ ავივში ავიაკომპანიების, EL ALel Israel Airlines-ისა და Sun D’Or International Airlines-ის ხელმძღვანელობას შეხვდა.
შეხვედრები გაიმართა ასევე ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან, რომლის ოპერირებაშიც ბენ გურიონისა და რამონის აეროპორტებია. გენერალურ დირექტორთან, ჰაგი ტოპოლანსკისთან საუბრის მთავარი თემა ისრაელის ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყება იყო.
„საქართველო ისრაელში ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, ისევე როგორც ისრაელი ჩვენი მოქალაქეებისთვის. განსაკუთრებით კი, პილიგრიმული ტურიზმის მიმართულებით. ისრაელის ავიაკომპანიები ჩვენი ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 37-ჯერ წარმატებით დაფრინავენ. იცით, რომ, ევროპულ მიმართულებებთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც. ჩვენი შეხვედრების მიზანი უახლოეს მომავალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყებით დაინტერესება იყო, რისი სურვილი და მზაობაც მათი მხრიდან დიდია,“- განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან შეხვედრისას საუბარი გაიმართა თელ ავივისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებზე. შეხვედრას საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია დაესწრო.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.