ისრაელმა გარკვეული პირობების საფუძველზე, ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა
2020 წლის მარტის შემდეგ ისრაელმა გარკვეული პირობების საფუძველზე, ტურისტებისთვის დღეს პირველად გახსნა საზღვრები.
ისრაელში შესვლა შეეძლება ყველა ტურისტს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იქნებიან აცრილი. ასევე ისრაელში მოგზაურობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ბოლო ექვსი თვის მანძილზე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ან დამატებითი, მესამე დოზის მიღების მტკიცებულება.
ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქვეყნის საზღვრების გახსნით ტურიზმის ინდუსტრია გამოცოცხლდება.
მანამდე ოფიციალური თელ-ავივი გაზაფხულზე გეგმავდა ტურისტებისთვის ქვეყნის საზღვრების გახსნას, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაიდო ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო.
ადგილობრივი ხელისუფლება ვაქცინების უმეტესობას აღიარებს, მაგრამ რუსული „სპუტნიკით“ აცრილებმა ე.წ. სეროლოგიური ტესტი უნდა გაიარონ. ტურისტებმა ბორტზე ასვლამდე უნდა წარადგინონ კორონავირუსის უარყოფითი ტესტის მტკიცებულება და ქვეყანაში ჩასვლისთანავე კვლავ გაიარონ ტესტირება. მანამდე ისრაელის ხელისუფლება ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების ქვეყანაში შეშვება სექტემბრიდან დაიწყო.