ისრაელმა 5-იდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა დაამტკიცა
ისრაელმა 5-იდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა დაამტკიცა. ახალი წესების მიხედვით, ბავშვებისთვის კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინის საბავშვო დოზა იქნება განსაზღვრული.
ისრაელის მედიის ცნობით, სპეციალიზებული ვაქცინების პირველი ტვირთი ისრაელში მომავალ კვირაში ჩავა.
გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამთავრობო კოლეგიის 75 სამედიცინო ექსპერტიდან 73-მა ხმა მისცა ამ ნაბიჯს ფარული კენჭისყრით.
„ფაიზერის“ მიერ 2 268 ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა თითქმის 91 პროცენტით ეფექტურია „კოვიდ-19“-ის სიმპტომური ინფექციების პრევენციაში.
ისრაელის 6.2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მინიმუმ ვაქცინის ერთი დოზა, 5.7 მილიონმა მიიღო ორი დოზა და ოთხ მილიონზე მეტმა კი მიიღო გამაძლიერებელი აცრა.