ისრაელის უზენაესი სასამართლო „სიენენის“ მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ პატიმართა ბანაკის დახურვის საკითხს განიხილავს
ისრაელის უზენაესი სასამართლო „სიენენის“ მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ პატიმართა ბანაკის დახურვის საკითხს განიხილავს. ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რეპორტაჟში დეტალურადაა აღწერილი ღაზაში დაკავებულთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევები.
სდე-ტეიმანის ბანაკთან დაკავშირებით მოსმენა ისრაელის სამოქალაქო უფლებათა ასოციაციისა და სხვა უფლებადამცველი ჯგუფების მიერ შედგენილი პეტიციის საფუძველზე ჩაინიშნა, რომელიც დიდწილად სწორედ „სიენენის“ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა. ამ მტკიცებულებების, თვითმხილველებისა და ყოფილი პატიმრების ცნობებით, პატიმრები სასტიკ პირობებში იმყოფებოდნენ.
ტელეკომპანია „სიენენმა“ სდე-ტეიმანის ბანაკში არსებულ ვითარებაზე რეპორტაჟი 10 მაისს გამოაქვეყნა, სადაც მათი ანონიმური წყაროები ჰყვებიან, რომ პატიმრები მუდმივად თვალებახვეული და ხელბორკილებით იმყოფებიან მკაცრი ფიზიკური კონტროლის ქვეშ. იყო შემთხვევები, როდესაც ექიმებს ხელბორკილებით მიღებული დაზიანებების გამო კიდურების ამპუტაცია მოუწიათ. ბანაკი ორ ნაწილადაა დაყოფილი, ვოლიერის მსგავს პატარა სივრცეებში ათობით პატიმარია ერთად თავმოყრილი. საველე ჰოსპიტალში კი, სადაც დაშავებული პატიმრები არიან განთავსებული, საწოლთან არიან ბორკილებით მიბმული და თვალები აქვთ ახვეული, აცვიათ საფენები და საწრუპებით კვებავენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სდე-ტეიმანის ბანაკში სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ასევე შეისწავლიან ანატოტისა და ოფერის სამხედრო დაკავების ბანაკებში არსებულ ვითარებას, სადაც ღაზაში დაკავებული პალესტინელები ჰყავთ. „სიენენის“ გამოძიებას გამოეხმაურნენ თეთრ სახლში, სადაც ვითარებას „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდეს.
პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობა დაგმო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელიც ახლა ცდილობს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის სხვა საპატიმროებში შესვლის ნებართვა მოიპოვოს.