ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - პასუხისმგებლობა იმაზე, რა შეიძლება დაემართოს მათ, ვინც ევაკუაციას არ აპირებს, „ჰამასის“ კისერზეა
ღაზის მოსახლეობის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი „ჰამასია“, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ჰამასი“ პასუხისმგებელია მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე, რომლებიც არ ტოვებენ ღაზის სექტორს.
„„ჰამასი“ სარგებლობს ღაზის სექტორის მცხოვრებლებით, მოაქვს მათთვის უბედურება და მოუწოდებს ღაზის სექტორის მოსახლეობას, არ მოუსმინონ ისრაელის თავდაცვის ძალების რეკომენდაციებს. პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა შეიძლება, დაემართოს მათ, ვინც ევაკუაციას არ აპირებს, „ჰამასის“ კისერზეა“, – აღნიშნა ჰაგარმა.
ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ემზადებიან ომის შემდეგი ეტაპებისთვის. მისივე თქმით, ისრაელის ძალები მომზადებული არიან მოქმედებისთვის მთელ ახლო აღმოსავლეთში და ყველგან, სადაც არის უსაფრთხოების საჭიროება.
ჰაგარის განცხადებით, სამხედროებმა ამ დრომდე აცნობეს ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიერ მძევლად მყოფი 120 ადამიანის ოჯახს.
მისივე თქმით, „რაც შეეხება განცხადებებს, რომ მძევლები დაიღუპნენ ისრაელის თავდასხმების დროს, „ჰამასის“ მხრიდან ბევრი განცხადებაა, ჩვენ მხოლოდ სანდო ინფორმაციას გავავრცელებთ“.