ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი - ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ, ვინც ისრაელის მოქალაქეებს ემუქრება
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ჰერცი ჰალევი აცხადებს, რომ ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც მათ მოქალაქეებს ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
„ეს ყველაფერი არ არის. ეს ძალიან მკაფიო უნდა იყოს. არსებობს სხვა ინსტრუმენტები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ, ვინც ისრაელის მოქალაქეებს ემუქრება, ჩრდილოეთით, სამხრეთით, ასევე შორეულ ადგილებში“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა ვიდეომიმართვაში.
ჰერცი ჰალევის თქმით, ეს თავდასხმა სწორ დროს განხორციელდა.
„ეს დარტყმა დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და საჭირო დროს განხორციელდა, ძალიან მკვეთრად. ჩვენ ვიწყებთ შემდეგი ნაბიჯებისთვის მომზადებას“, – აღნიშნა ჰალევიმ.
აღნიშნული ვიდეომიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია.
ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დაჯგუფების შტაბბინა მდებარეობს საცხოვრებელი შენობების ქვეშ დაჰიეს გარეუბანში, ბეირუთის სამხრეთ ნაწილში. მედიის ცნობით, „ჰეზბოლას“ შტაბბინაზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა, მათგან 15 გადაუდებელ ჰოსპიტალიზებას საჭიროებს.