ისრაელის თავდაცვის ახალი მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ დაჯგუფება „ჰეზბოლა“ უკვე დამარცხებულია
ისრაელის თავდაცვის ახალი მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, დაჯგუფება „ჰეზბოლა“ უკვე დამარცხებულია.
ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ლიბანური შიიტური რადიკალური მოძრაობის, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია გახდა ისრაელის „მიზნების მიღწევის დაგვირგვინება“ და „ჰეზბოლა“, შეიძლება, დამარცხებულად ჩაითვალოს.
„ახლა ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ ზეწოლა ამ გამარჯვების ნაყოფის მოსაკრეფად“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ისრაელი არ არის დაინტერესებული ლიბანის შიდა პოლიტიკაში ჩარევით, რადგან ეს „გაკვეთილი უკვე ისწავლა“.
ამასთან, თავის გამოსვლაში ისრაელ კაცმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო კოალიცია პოლიტიკური მიზნებითაც გამოიყენებს ამ მდგომარეობას, როდესაც „ჰეზბოლა“ დასუსტებულია, და ლიბანი შეუერთდება იმ ქვეყნებს, რომლებიც მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციას ცდილობენ.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 10 ნოემბერს ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სულ მცირე, 38 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბეირუთის ჩრდილოეთით მდებარე დასახლება ალმატში საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი არასრულწლოვანი.
სექტემბრის ბოლოდან ისრაელის თავდაცვის ძალები აქტიურად ახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. ამას წინ უძღოდა მებრძოლების პეიჯერების მასობრივი აფეთქება სექტემბრის შუა რიცხვებში. მედია ამ ოპერაციის ორგანიზებას ისრაელის სპეცსამსახურებს მიაწერს.
ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ „ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი გახდა დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნასრალას ყოფილი მოადგილე ნაიმ კასემი. კასემმა სამჯერ მიმართა ხალხს ტელევიზიით და 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის ჩრდილოეთ რაიონების მცხოვრებთა სახლებში დაბრუნების ერთადერთი გზა „ცეცხლის შეწყვეტაა“.