ისრაელის სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებზე ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა და მძევლების გათავისუფლება ათასობით ადამიანმა მოითხოვა
თელ ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა ათასობით ადამიანმა მოითხოვა.
აქციის მონაწილეებმა მთავრობას „ჰამასთან“ მიმდინარე ომის არასათანადოდ მართვაში დასდეს ბრალი და ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 130-ზე მეტი ისრაელელის გათავისუფლება მოითხოვეს.
პოლიციამ დემონსტრაციის 7 მონაწილე დააკავა.
ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქცია იერუსალიმში, ჰაიფასა და ისრაელის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
ბოლო პერიოდში საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო დაჟინებით მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდეს.
ამ საკითხზე მოლაპარაკებები 4 მარტს თეთრ სახლშია დაგეგმილი, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ისრაელის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბენი განცს უმასპინძლებს.