ისრაელის შვიდი მოქალაქე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
ისრაელის შვიდი მოქალაქე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ისრაელის შვიდი მოქალაქე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

პროკურორების თქმით, ბრალდებულებმა თეირანისთვის ასობით დავალება შეასრულეს. დაკავებულებს ედავებიან ისრაელის თავდაცვის ძალების ბაზებისა და ობიექტების ფოტოგადაღებასა და ინფორმაციის შეგროვებას.

პროკურორების ცნობით, პოლიციამ და გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დავალება შეასრულეს ირანის დაზვერვის სააგენტოებისთვის და კონტაქტში იყვნენ ირანელ აგენტებთან, რის სანაცვლოდაც ასობით ათასი დოლარი მიიღეს.

პროკურორების ინფორმაციით, ზოგიერთი ბრალდებული ირანის სასარგებლოდ ორი წლის განმავლობაში ჯაშუშობდა, ხოლო ყველა მათგანი ომის დაწყების შემდეგ ახორციელებდა სადაზვერვო საქმიანობას.

როგორც მედია წერს, ეჭვმიტანილები არიან ჰაიფასა და ჩრდილოეთში მცხოვრებლები, მათ შორის ჯარიდან გაქცეული ჯარისკაცი და ორი არასრულწლოვანი. სახელმწიფო პროკურატურა აცხადებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საქმე ბოლო წლების განმავლობაში.