ისრაელის სასამართლომ ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო გაფიცვის შეჩერების განკარგულება გასცა
ისრაელის მედია წერს, რომ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმდინარე გაფიცვა დღეს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე უნდა შეწყდეს. როგორც მედია წერს, სასამართლომ დაადგინა, რომ საყოველთაო გაფიცვა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს დილიდან ისრაელში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ისრაელის მთავრობა მძევლების გათავისუფლების მიზნით ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს. გაფიცვის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება პროფკავშირებმა პირველ სექტემბერს, მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიერ გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი იპოვა. გაფიცვაში მონაწილეობენ ჯანდაცვის დაწესებულებების, კვების ობიექტებისა და სამხედრო მრეწველების წარმომადგენლებიც, ასევე სავაჭრო ქსელების ნაწილი. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
თელ ავივსა და ისრაელის კიდევ რამდენიმე ქალაქში ამჟამად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.