ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად ლიბანში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა
ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად ლიბანში მსხვერპლის რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. გავრცელებული ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ ბეირუთის საცხოვრებელი უბნის დაბომბვის შედეგად 66 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ცხრა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ოპერაციის შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ ელიტური დანაყოფის, „რადვანის“ ერთ-ერთი მეთაური, იბრაჰიმ აქილი, რომელიც დაჯგუფების სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
განცხადების თანახმად, იბრაჰიმ აქილთან ერთად, დარტყმის დროს დაიღუპა „ჰეზბოლას“ ოპერაციების ჯგუფის ლიდერი და „რადვანის“ ძალების ხელმძღვანელობა. ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელის გალილეის რეგიონში აპირებდა შეჭრას. აქილი ასევე იძებნებოდა შეერთებული შტატების მიერ 1983 წელს ბეირუთში ამერიკელი საზღვაო ქვეითების ყაზარმის დაბომბვაში მონაწილეობისთვის, ასევე 1980-იან წლებში ლიბანში ამერიკელი და გერმანელი მძევლების აყვანის ხელმძღვანელობისთვის.