ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენში, შიიტი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ ქალაქ ჰოდეიდაზე იერიში განახორციელა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენში, შიიტი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ ქალაქ ჰოდეიდაზე მასშტაბური იერიში განახორციელა.
ისრაელის სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი დღით ადრე „ჰუსიტების“ უპილოტო აპარატი ისრაელის ქალაქ თელ ავივში აფეთქდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი იემენლ „ჰუსიტებს“ საპასუხო მოქმედებით დაემუქრა.
იემენური მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა საპორტო ქალაქში საწვავის საცავები დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაგამანადგურებლებმა „ჰუსიტების“ სამხედრო სამიზნეები დაბომბეს. ეს არის ისრაელის პირველი პირდაპირი თავდასხმა იემენზე.
საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციაში, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად, აშშ-ის და ბრიტანეთის თვითმფრინავებიც იღებდნენ მონაწილეობას. „ალ არაბია“ წერს, რომ იემენი ისრაელის 12-მა თვითმფრინავმა დაბომბა, რომელთა შორის იყო „ეფ-35“-ის ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავები.