ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მძევლების მიტოვების ტოლფასია
პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მძევლების მიტოვების ტოლფასია, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვედრისას განუცხადა.
„ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ აირჩიეს ტერორისტებთან თანამშრომლობა და ამ ტერორიზმის ურჩხულის გამოკვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
პალესტინის სახელმწიფო დღეს ირლანდიამ, ესპანეთმა და ნორვეგიამ ოფიციალურად აღიარეს.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ისრაელში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ვარჰეი ასევე შეხვედრებს გეგმავს ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან, თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ისრაელის შემდეგ ვარჰეი პალესტინის ქალაქ რამალაში ჩავა.