ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - მუნიციპალურ არჩევნებში ერდოღანის კანდიდატების დამარცხება მკაფიო გზავნილია თურქეთის პრეზიდენტისთვის, რომ ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი სტამბოლის მოქმედ მერს, ექრემ იმამოღლუს და ანკარის მერს, მანსურ იავასს მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ერდოღანის კანდიდატების დამარცხებით დასრულდა. ვულოცავ ექრემ იმამოღლუს სტამბოლში და მანსურ იავასს ანკარაში გამარჯვებას. ეს არის მკაფიო გზავნილი რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომ ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს და ახალი გზის პოვნაა საჭირო“, – წერს ისრაელ კაცი.
შეგახსენებთ, თურქეთში მუნიციპალური არჩევნები გაიმართა. ბიულეტენების 95 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტია – „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37, 74 პროცენტით ლიდერობს, ხოლო „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ ხმების 35, 49 % დააგროვა.