ისრაელის პრემიერი ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის საქმეზე, სირიის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰოლოკოსტის ხსოვნის ყოველწლიურ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, მომწამლავი აირით სავარაუდო თავდასხმის საქმეზე, სირიის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
აშშ სირიაზე საჰაერო იერიშების მიტანით იმუქრება, რადგან მიიჩნევს, რომ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სირიის მთავრობამ გამოიყენა. ასადის ხელისუფლება და მისი მოკავშირე რუსეთი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
„ბოლო დღეების მოვლენებმა გვასწავლა, რომ ბოროტებისა და აგრესიის წინააღმდეგ წასვლა ყველა თაობის მისია და ვალია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე გაიხსენა მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება, ისაუბრა ჰოლოკოსტზე და განაცხადა, რომ ახლა საჭიროა ირანის წინააღმდეგ ზომების მიღებაც იმ ბირთვული შეთანხმების გამო, რომელსაც თეირანმა ხელი მოაწერა.