ისრაელის პრემიერი - ისრაელი მზადაა, ევროკავშირს მიაწოდოს ბუნებრივი აირის ის მოცულობა, რაც რუსეთის მიერ ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის 10%-ს შეადგენს
ისრაელის პრემიერი - ისრაელი მზადაა, ევროკავშირს მიაწოდოს ბუნებრივი აირის ის მოცულობა, რაც რუსეთის მიერ ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის 10%-ს შეადგენს

ისრაელი მზადაა, ევროკავშირს მიაწოდოს ბუნებრივი აირის ის მოცულობა, რაც რუსეთის მიერ ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის 10%-ს შეადგენს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელი აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში.

„ჩვენ ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მუშაობს ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს გერმანიას, ბუნებრივი აირი ახალი პარტნიორებისგან მიიღოს.

ამავე დროს, აზერბაიჯანში განაცხადეს, რომ შარშანდელთან შედარებით, 2022 წლის ბოლომდე ევროპაში 30%-ით მეტი ბუნებრივი აირის მიწოდებას გეგმავენ.

„2022 წელს ევროპაში მიწოდებული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს“, – დაწერა „ტვიტერის“ გვერდზე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შახბაზოვმა.

მისივე თქმით, ნავთობის მოპოვება აზერბაიჯანში აგვისტოში 10%-ით გაიზარდა და 30.6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

ბრიუსელი ჯერ კიდევ ივლისში შეუთანხმდა ბაქოს, რომ მომდევნო წლებში აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდება გაორმაგდება. ასევე, არსებობს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს იმ დერეფნის გაფართოებას, რომელიც აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთსა და საბერძნეთზე გადის. გაზსადენის სიმძლავრის გაზრდა წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდეა დაგეგმილი.