ისრაელის პრემიერ-მინისტრს შესაძლოა, კორუფციის ბრალდება წაუყენონ
ისრაელის პრემიერ-მინისტრს შესაძლოა, კორუფციის ბრალდება წაუყენონ

თითქმის ერთწლიანი გამოძების შემდეგ, ისრაელის პროკურატურა მიიჩნევს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კორუფციაში, თაღლითობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალი უნდა წაუყენონ. გამოძიების მხარე ამტკიცებს, რომ ბრალის წასაყენებლად დღეს საკმარისი მტკიცებულება არსებობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ პროკურატურის განცხადება უსაფუძვლო ბრალდებად შეაფასა. მან ისრაელის მოსახლეობას პირდაპირი ეთერის საშუალებით მიმართა და ბრალდების მხარე სიცრუეში დაადანაშაულა.

ისრაელის პროკურატურა მმართველი კონსერვატიული პარტია „ლიკუდის“ ლიდერსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობის ორ ეპიზოდზე ედავება.

პირველი საქმე ისრაელელი ბიზნესმენებისგან ქრთამის სახით ძვირადღირებული სიგარებისა და შუშხუნა ღვინის მიღებას ეხება. საქმეში წერია, რომ პრემიერმა აღნიშნული ძვირადღირებული საჩუქრების სანაცვლოდ ბიზნესმენებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.

მეორე საქმე გაცილებით მძიმეა, პროკურატურის მტკიცებით, რამდენიმე წლის წინ პრემიერმა ნეთანიაჰუმ რეიტინგულ გამოცემა Yediot Aharonot-თან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა, რისი მთავარი მიზანი მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალ-გაზეთებისთვის კონკურენციის გაწევა და მთავრობის ინტერესების გატარება იყო, კერძოდ მთავრობის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება. ისრაელის კანონმდებლობით, თანამდებობის პირსა და პრესას შორის ამგვარი გარიგებები უკანონოდ ითვლება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 11 წელია უკავია, ორივე ბრალდებას უარყოფს.

ამავდროულად, გამოძიება მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის მეუღლის წინააღმდეგ. პროკურატურა სარა ნეთანიაჰუს მეუღლის საშუალებით პირადი ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაში სდებს ბრალს. სარა ნეთანიაჰუ აღნიშნულ საქმეზე უკვე რამდენჯერმე დაიკითხა.

გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო. ისრაელის საპარლამენტო ოპოზიცია რამდენიმე თვეა ამტკიცებს, რომ გამოძიების შედეგი პრემიერ-მინისტრის იმიჯს მნიშვნელოვნად შელახავს, თუმცა ისრაელის კონსტიტუციით, მთავრობის მეთაურის გადადგომა აღნიშნული თანამდებობიდან საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცედურაა.