ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს არ მიუღია შეთავაზება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ
ისრაელის პრემიერ-მინისტრს არ მიუღია შეთავაზება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, – ინფორმაციას ბენიამინ ნეთანიაჰუს პრესსპიკერი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დახურულ კარს მიღმა ლიკუდის პარტიის წევრებთან შეხვედრისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლების შესახებ წინადადება მისთვის არ შეუთავაზებიათ.
„მსგავსი წინადადების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ მიიღებდა მას“, – თქვა პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, მანამდე „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 ოქტომბერს ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ მხარეებს ორდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესთავაზა, რის სანაცვლოდაც ოთხი ისრაელელი მძევალი და ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრები უნდა გათავისუფლებულიყვნენ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია პალესტინელი პატიმრების რაოდენობა.