შრაგა ბროში - ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს
საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ კი საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს – აღნიშნულის შესახებ ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა შრაგა ბროშმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესება წარმოების სექტორს, სოფლის მეურნეობას, ტურიზმს და სხვა მნიშვნელოვან ფეროებს მოიცავს და ყურადღება საქართველოს მიმართ ისრაელელი ინვესტორების დიდ ინტერესზე გაამახვილა.
მთავრობის მეთაურმა ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და საქართველო-ისრაელის დინამიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.