საქართველოში ისრაელის ელჩი ქართველ მაშველებს ებრაელი ტურისტების გადარჩენისთვის მადლობას უხდის
ისრაელის მოქალაქეები, რომლებმაც უამინდობის გამო, სტეფანწმინდის ტყეში კვალი დაკარგეს და გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, ვერტმფრენით თბილისში ჩაიყვანეს. ტურისტები ამჟამად ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი.
როგორც საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა, შაფთაინ ცურმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ისრაელის ოთხ მოქალაქეს პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია და მათი ექიმთან კონსულტაცია საჭირო აღარ არის. ელჩმა ქართველ მაშველებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„გუშინ, საღამოს შევიტყეთ, რომ სტეფანწმინდის რაიონში, სოფელი ჭუკაში ისრაელის ოთხმა მოქალაქემ ტყეში კვალი დაკარგა. როდესაც მივიღეთ შეტყობინება, მივმართეთ საქართველოს მაშველებს დახმარებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, ქართველი მაშველები გუშინდელი საღამოდან ამ წუთებამდე იბრძოდნენ ტურისტების გადასარჩენად. მთელი ღამის განმავლობაში ადევნებდნენ თვალყურს, თუ როგორი იყო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ღამე სიცივე იყო, ოთხივე მარტო იყო დარჩენილი ტყეში. როგორც კი დღეს ამინდმა მოგვცა საშუალება, ვერტმფრენი მოიყვანეს და ტურისტები ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. დიდი მადლობა, რომ ოთხი ადამიანი გადაარჩინეს, ორი დედა და ორი ქალიშვილი”,-განაცხადა საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა, შაფთაინ ცურმა.