ისრაელის მიერ ლიბანის დაბომბვას ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის მიერ ლიბანის დაბომბვას ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა დაბომბეს ქვეყნის ჩრდილოეთი და ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ტერიტორია. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა ისრაელის მიერ ქალაქ ნაბათიეს ბაზრის ტერიტორიის დაბომბვის დროს.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბერში ისრაელის თავდასხმების შედეგად ქვეყანაში მსხვერპლთა რიცხვმა 1645-ს მიაღწია.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში დაიბომბა „ჰეზბოლას“ 200 სამიზნე. საომარი მოქმედებების დროს, „ჰეზბოლამ“ რამდენიმე ათეული რაკეტა გაუშვა ისრაელის ქალაქ ჰაიფას მიმართულებით, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ნაწილმა კი სასოფლო-სამეურნეო ზონაში ხანძარი გააჩინა.
საერთო ჯამში, გასული 24 საათის განმავლობაში ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება ღაზის სექტორში. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ღაზის ცენტრალური ტერიტორიის დაბომბვას რვა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ექვსი ბავშვი.