ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. „როიტერის“ ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად ერთი ოჯახის ათზე მეტი წევრი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის არიან ერთი წლის ბავშვი და, ასევე, ქალები.
ქალაქ რაფაჰში ამ დროისთვის 1.5 მილიონამდე ადამიანი იმყოფება, რომელთა დიდი ნაწილი ღაზის სექტორის სხვა ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან ჩავიდა.
საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ისრაელი რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება.
ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მებრძოლები სამოქალაქო შენობებს საფარად იყენებენ, რასაც ისლამისტური ჯგუფი უარყოფს.
7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი ღაზის სექტორში 29 000-ს აჭარბებს, 69 000-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.