ისრაელის მედიის ცნობით, გოლანის მაღლობზე „ჰეზბოლას“ საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი მოყვა, „ჰეზბოლა“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს
გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.
როგორც ისრაელის მედია წერს, 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, დაღუპულთა რიცხვი კი, შესაძლოა, გაიზარდოს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმა „ჰეზბოლამ“ განახორციელა, ხოლო რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.
ამასთან, „ჰეზბოლა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.
„არანაირი კავშირი არ გვაქვს მომხდართან და კატეგორიულად უარვყოფთ მცდარ ბრალდებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰეზბოლა ცრუობს.
„ჰეზბოლა უარყოფს მომხდარზე პასუხისმგებლობას. ჩვენი დაზვერვა ნათლად აჩვენებს, რომ ჰეზბოლა არის პასუხისმგებელი უდანაშაულო ბავშვების სიკვდილზე“, – ამბობს ჰაგარი.