ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი იაკობ ლიცმანი თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილების მიზეზი შაბათს სარკინიგზო მუშაობის შესახებ დავაა.
ჯანდაცვის მინისტრი ულტრაორთოდოქსული იუდაისტური პარტიის წევრია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ულტრაორთოდოქსი ებრაელები შაბათს მუშაობის წინააღმდეგ გამოდიან.
მიუხედავად თანამდებობიდან გადადგომისა, მინისტრი, მისი წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე კოალიციის დატოვებას არ აპირებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, კოალიციის ყველა წევრი ამ კავშირის არსებობის და გახანგრძლივების მომხრეა.
ნეთანიაჰუს თქმით, შაბათი, ისევე როგორც ყველა სხვა საჭიროება, რაც ისრაელის მოქალაქეებს აქვთ, მათ შორის უსაფრთხო და შეუფერხებელი ტრანსპორტირების უფლება, ერთგვარად მნიშვნელოვანია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის აზრით, მთავრობას შექმნილი ვითარებიდან მშვიდობიანი გამოსავლის პოვნა შეუძლია.
გადადგომის შესახებ განცხადებაში იაკობ ლიცმანი წერს, რომ მას არ სურს გაინაწილოს ის პასუხისმგებლობა, რასაც მთავრობაში ყოფნა ავალდებულებს – წაართვას ებრაელ ხალხს ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება – შაბათი.
სარკინიგზო სარემონტო სამუშაოების შაბათს ჩატარება მგზავრებისთვის ნაკლებად ხელის შემშლელია, რადგან მატარებლები პარასკევ საღამოდან შაბათის საღამომდე არ მოძრაობენ.
ულტრაორთოდოქსი პარტიები, რომლებსაც პარლამენტში სამთავრობო 66 ადგილიდან 13 უკავიათ, ბოლო წლების განმავლობაში ისრაელის პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
ლიცმანის პარტია ებრაული კანონისადმი მკაცრი მორჩილების პოლიტიკას იცავს.