ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ირანელი მეცნიერის მკვლელობასთან დაკავშრებით, მოქალაქეებს შესაძლო თავდასხმებზე აფრთხილებს
ირანელი მეცნიერის მკვლელობის გამო, ირანი ისრაელის მოქალაქეებს შესაძლოა, საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოში დაესხას თავს, – ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სამოგზაურო რეკომენდაციებშია აღნიშნული.
ირანის ბირთვული პროგრამის წამყვანი სპეციალისტის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ირანის ხელისუფლება ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება. ისრაელის მთავრობა ირანის ბრალდებებს უარყოფს.
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საბჭომ შეადგინა ქვეყნების სია, სადაც ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმა ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი, მათ შორის: საქართველოში, აზერბაიჯანში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, ერაყის ქურთისტანში, ზოგადად ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე.
მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის შემდეგ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ალონ უშპიცმა წერილი გაუგზავნა ისრაელის ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას და მოუწოდა მათ, რომ ყურადღებით იყვნენ.