ისრაელის მხრიდან დაბომბვის შედეგად დაზიანდა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კოსმოსური ცენტრი, სადაც ბალისტიკური რაკეტების წარმოება ხდება
ისრაელის მხრიდან დაბომბვის შედეგად გასულ კვირას დაზიანდა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კოსმოსური ცენტრი, სადაც ხდება ბალისტიკური რაკეტების წარმოება და კოსმოსური რაკეტების გაშვება.
ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემა წერს, რომ თანამგზავრული ფოტოსურათების ანალიზი აჩვენებს დაზიანებას სემნანში, შაჰრუდის კოსმოსურ ცენტრში, რომელიც თეირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 370 კილომეტრში მდებარეობს.
ფოტოებზე ჩანს კოსმოსური ცენტრის ცენტრალური შენობის, რამდენიმე მიმდებარე შენობისა და ანგარის დაზიანება.
გამოცემის თანახმად, ფოტოებზე ირგვლივ ჩანს მანქანები, რომლებითაც შესაძლოა, სპეციალისტები მივიდნენ ზარალის შესაფასებლად, ხოლო მთავარ ჭიშკართან „ჩვეულებრივზე მეტი მანქანაა“ გაჩერებული.