ისრაელის არმიის მიერ ქალაქ ხან იუნისის დაბომბვას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის არმიის მიერ ქალაქ ხან იუნისის დაბომბვას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მიერ ქალაქ ხან იუნისის დაბომბვას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კარვებზე, რომლებსაც დევნილი მოსახლეობა აფარებს თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზის ერთ-ერთი სკოლის შენობის დაბომბვის შედეგად, სადაც ასევე დევნილები იმყოფებოდნენ.

გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, საერთო ჯამში, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა, 123 კი დაშავდა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ინფორმაციით, ომის დროს დაღუპულების 70 პროცენტამდე ქალები და ბავშვები არიან. 50-ზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა წერილს, რომელიც მოუწოდებს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას, მიიღონ სასწრაფო ზომები ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის შესაჩერებლად.