ისრაელი საზღვარზე სამხედროების რიცხვს გააორმაგებს. ამის მიზეზად იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნა სახელდება. ფრანს პრესის ცნობით, ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ღაზის სექტორის და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს საზღვარზე დამატებით სამი ქვეითი ბრიგადა განთავსდება.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ისრაელის არმიამ კიდევ ერთი საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბი გაანადგურა, რომელიც „ჰამასის“ წევრებმა გათხარეს. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნული გვირაბით ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტები უნდა მოხვედრილიყვნენ.
აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში 14 მაისს გადაიტანენ. ცერემონიის მონაწილეებს ვიდეოხიდის საშუალებით აშშ-ის პრეზიდენტი მიმართავს. იერუსალიმში ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ჯონ სალივანი უხელმძღვანელებს. იერუსალიმში ასევე ჩავა აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ტრამპის ქალიშვილი ივანკა და პრეზიდენტის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი.