ისრაელი სარაკეტო თავდასხმაში სირიასა და ირანს ადანაშაულებს
ისრაელი სარაკეტო თავდასხმაში სირიასა და ირანს ადანაშაულებს

ისრაელი ღამით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში სირიასა და ირანს ადანაშაულებს.

ისრაელის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, პალესტინაში მოქმედმა დაჯგუფებამ „ისლამური ჯიჰადი“ სარაკეტო თავდასხმის ბრძანება სირიისა და ირანის მთავრობებისგან მიიღო.

შედეგად კი, ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა განაახლა. შესაბამისი მიმართულებით ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალებმა ხუთი რაკეტა გაუშვეს. რამდენიმე საათით ადრე კი ისრაელმა ღაზის სექტორში 80 პოზიციაზე ავიაიერიში მიიტანა.

არმიის პრესსამსახურის ცნობით, პალესტინელი მებრძოლების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ წარმოებულ ოპერაციაში სამხედრო ვერტმფრენები, თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები იყო ჩართული. როგორც ცნობილია, ოპერაციის ფარგლებში თავდასხმები „ჰამასის“ პოზიციებზე განხორციელდა. ისრაელის არმიის ცნობით, მათი მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა სწორედ აღნიშნული ადგილებიდან მოხდა.

თავდასხმის ობიექტებს შორის იარაღის ორი საწყობი, საწვრთნელი ბანაკები, „ჰამასის“ მებრძოლების ხუთი ბაზა, სამეთვალყურეო პუნქტები და მიწისქვეშა გვირაბების გასასვლელები იყო.