ისრაელი კორონავირუსის რუსული წარმოების ვაქცინით აცრილებს ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემს
ისრაელი კორონავირუსის რუსული წარმოების ვაქცინით აცრილებს ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ნახმან ეშის განცხადებით, მომავალი თვის შუა რიცხვებიდან რუსული წარმოების, „Sputnik V“-ის ვაქცინით აცრილ პირებს ქვეყანაში შესვლის საშუალება მიეცემათ. მისი თქმით, აღნიშნულ პირებს პისიარტესტთან ერთად სეროლოგიური ტესტის აღებაც მოუწევთ.
ეშის თქმით, სეროლოგიური ტესტი, რომელსაც ანტისხეულების აღმოჩენის უნარი აქვს, დაადასტურებს, რომ ქვეყანაში შემომსვლელი ნამდვილად აცრილია კორონავირუსის ვაქცინით. ისრაელის პრემიერსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რუსული ვაქცინით აცრილებს ისრაელის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება 15 ნოემბრიდან მიეცემათ.
ისრაელმა სრულად ვაქცინირებულებისთვის საზღვრების გახსნა პირველი ნოემბრიდან დაუშვა, მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით არიან აცრილნი. თუმცა, მედიის თქმით, ისრაელმა საკუთარი პოლიტიკა ნაფტალი ბენეტისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა ქალაქ სოჭში.
რუსეთმა საკუთარი ვაქცინის შექმნის შესახებ 2020 წლის აგვისტოში განაცხადა. ის მსოფლიოს დაახლოებით 70 ქვეყანაში გამოიყენება, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზება არ გააჩნია. რუსეთში, სადაც ბოლო რამდენიმე კვირაა კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებლები ფიქსირდება, ადგილობრივი ვაქცინით მოსახლეობის მხოლოდ მესამედია აცრილი.