ისრაელი ღაზის სექტორთან ზღვაში ბარიერებს აშენებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა მიკრობლოგ Twitter-ის საშუალებით განაცხადა.
მინისტრის თქმით, სტრუქტურა პალესტინურ რადიკალურ ფორმირებებს ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევაში ხელს შეუშლის. ამ ხერხით კი მოძრაობა „ჰამასი“ კიდევ ერთ სტრატეგიულ შესაძლებლობას დაკარგავს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამდონიანი ბარიერის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.
ისრაელის საზღვართან პალესტინელები „დაბრუნების დიდებული დღის“ სახელით ცნობილ დემონსტრაციებს 30 მარტის შემდეგ მართავენ. არაბ დემონსტრანტებსა და ისრაელელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ხშირი დაპირისპირების გამო, ოფიციალურმა თელ-ავივმა საზღვართან ჯარისკაცების რიცხვი გააორმაგა.
30 მარტის შემდეგ, ისრაელელ სამხედრო მოსამსახურეებთან შეტაკებების დროს 87 პალესტინელი დაიღუპა, 12 000-ზე მეტი კი დაშავდა.
ისრაელის მიერ ზღვაში ბარიერის მშენებლობის დაწყების შემდეგ, პროტესტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ 29 მაისს ღაზის სექტორიდან ზღვაში დემონსტრანტებით სავსე გემი შევა.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია