ისრაელელი მძევლების ოჯახების წევრები, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის მოთხოვნით, მის რეზიდენციასთან აქციას მართავენ
ისრაელელი მძევლების ოჯახების წევრები, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის მოთხოვნით, მის რეზიდენციასთან აქციას მართავენ

„ჰამასის“ მიერ აყვანილი ისრაელელი მძევლების ოჯახების წევრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კერძო რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და გასაუბრებაა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ადგილზე დარჩებიან. აქციის ზოგიერთი მონაწილე პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართავს.

„აქ მოვედი და ვშიმშილობ. ველოდებით ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომ გამოვიდეს და დამელაპარაკოს, მანამდე აქაურობას არ დავტოვებთ. სადაც გავა, თან გავყვებით, არ დავტოვებთ“, – განაცხადა ღაზაში მყოფი ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრმა.

მედიის ცნობით, 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმისას „ჰამასმა“ 240 ადამიანი აიყვანა მძევლად. მძევლების ნაწილი ხანმოკლე ზავის დროს გაათავისუფლეს, თუმცა, როგორც ისრაელი ამბობს, ღაზაში ჯერ კიდევ 132 მძევალი რჩება.