ისრაელელი ინვესტორი - საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სეგმენტის უკეთ შესწავლას ვგეგმავთ
ისრაელელი ინვესტორი - საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სეგმენტის უკეთ შესწავლას ვგეგმავთ

საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სეგმენტის უკეთ შესწავლას ვგეგმავთ, – ამის შესახებ ახალი ტექნოლოგიების სექტორში მოღვაწე ისრაელელმა ბიზნესმენმა სტავ შაჰამიმ განაცხადა. ბიზნესმენი თბილისის მერ კახა კალაძის ისრაელში ვიზიტს დადებითად აფასებს და საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

როგორც ინვესტორი აღნიშნავს, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარება საინტერესოა.

„ისრაელში ბევრი სტარტაპია, რომელთა უმრავლესობა თელ-ავივსა და იერუსალიმშია დაფუძნებული. ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარება გვსურს, მათ შორის, საქართველოსთანაც. მიგვაჩნია, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი და ინფორმაციული ტექნოლოგიების კარგი სპეციალისტები ჰყავს, რაც ჩვენთვის საინტერესოა. ვგეგმავთ, რომ საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სეგმენტი უკეთ შევისწავლოთ, რათა ჩვენს სტარტაპებში ქართველი სპეციალისტების დასაქმება და საქართველოსა და ისრაელის სტარტაპებს შორის თანამშრომლობის განვითარება შევძლოთ. რა თქმა უნდა, მეტი ბიზნესის წარმოებით, მეტი წარმატების მიღწევა გვსურს“, – განაცხადა სტავ შაჰამმა.

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.