ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმების გამო ამსტერდამში სამი დღის განმავლობაში დემონსტრაციები აიკრძალა
ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმების გამო ამსტერდამში სამი დღის განმავლობაში დემონსტრაციები აიკრძალა

ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმების გამო ამსტერდამში სამი დღის განმავლობაში დემონსტრაციების გამართვა აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ამსტერდამის მერმა, ფემკე ჰალსემამ განაცხადა, რომ „მაკაბის“ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს და მაშხალები ესროლეს, მათ დასაცავად და სასტუმროში მისაყვანად კი სპეცრაზმის ჩარევა გახდა საჭირო.

მედიის ცნობით, ამსტერდამში დემონსტრაციების აკრძალვასთან ერთად, არეულობის საპასუხოდ პოლიციას მიეცა საგანგებო ვითარებაში ადამიანების გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილება.

„როიტერის“ ინფორმაციით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს სპეცრაზმის მოქმედება. ზოგიერთი თავდამსხმელი გაჰყვიროდა ისრაელის საწინააღმდეგო შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ზოგიერთ ვიდეომასალაში ასევე ნაჩვენებია „მაკაბის“ მხარდამჭერები, რომლებიც სკანდირებდნენ ანტიარაბულ ლოზუნგებს საფეხბურთო მატჩის წინ.

ნიდერლანდების მთავრობაში აცხადებენ, რომ ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმაში მონაწილეები გამოვლინდებიან და დაისჯებიან.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ამსტერდამში ჩასულ ისრაელელ ქომაგებს თამაშის დასრულების შემდეგ თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი. თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი კი 62-მდე გაიზარდა.