ისრაელ-ღაზას საზღვარზე ისრაელის ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია ერთი პალესტინელი
ისრაელ-ღაზას საზღვარზე ისრაელის ჯარისკაცების მიერ გახსნილ ცეცხლს ერთი პალესტინელი ემსხვერპლა. სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, 18 წლის ტაჰრირ საედი მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.
კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა სასაზღვრო ზონაში. ღაზას სექტორში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფეთქება ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ინციდენტის შედეგად ერთმა ბავშვმა სხეულის დაზიანება მიიღო.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პალესტინის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც რადიკალური მოძრაობა „ჰამასი“ აკონტროლებს, განცხადების გავრცელებას გეგმავს. სასაზღვრო ზონაში მარტის ბოლოს დაწყებული აქციების შემდეგ, დაპირისპირების შედეგად უკვე 41 პალესტინელი დაიღუპა, ათასზე მეტი კი დაშავდა.