ისნის რაიონში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. განახლებული ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისნის რაიონის გამგებელთან, ნიკა ელისაშვილთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ჯამში, 11 000 კვ.მ.-ზე განხორციელდა, აქედან 5 000 კვ.მ რეკრეაციული სივრცეა.
„თბილისში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა. შეგეძლოთ, ფოტოებზე გენახათ, რა ხდებოდა აქ. ჩვეულებრივი 90-იანი წლები – სკვერი მიგდებული, ყველანაირად გაუბედურებული იყო. პროექტი ისნის რაიონის გამგეობის მიერ, მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასეირნო ბილიკები, სარწყავი სისტემა, დაირგო ახალი მცენარეები, მოეწყო საბავშვო და სატრენაჟორო სივრცეები, რეაბილიტირდა საფეხბურთო მოედანი, ღამის განათებები დამონტაჟდა და ნამდვილად სასიამოვნო გარემოა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვაქვს და გვინდა, ასეთი პროექტები განვახორციელოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სივრცეები, ფიტნესზონები, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ასევე დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი; ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე; დამონტაჟდა სკამები, სხვა საპარკე ინვენტარი და სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები; დაიგო დეკორატიული ფილები.
კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში, 6 300 კვ.მ-ზე ჩატარდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტროტუარები.