თბილისში, ისნის რაიონში, შირაქის ქუჩის N11- ის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. პროექტი ისნის რაიონის გამგეობამ განახორციელა.
საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, ფერადი დეკორატიული ფილებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიდგა დასასვენებელი საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, დაიდგა ჩოგბურთის სათამაშო მაგიდა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც დამონტაჟდა გასართობი ატრაქციონი.
ავლაბარში, შირაქის ქუჩის N11 – ში ახლადმოწყობილი სკვერი, ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.
„დღეს ავლაბარში ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი გავხსენით, რაც მოსახლეობის თხოვნით გაკეთდა. ეს არის გამორჩეული დიზანის, თანამედროვე ტიპის რეკრეაციული სივრცე, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანის დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. სკვერის განსაკუთრებული ხიბლი, ბავშვებისთვის საყვარელი ატრაქციონი ე. წ. „გემი“ და ჩოგბურთის სათამაშო მაგიდაა, რომელიც მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა“, – აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.
სკვერის მოწყობის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 258 146 ლარით დაფინანსდა.