ისნის რაიონში მდებარე 109-ე საბავშვო ბაღს მომავალი წლიდან ახალი შენობა ექნება
ისნის რაიონში მდებარე 109-ე საბავშვო ბაღს მომავალი წლიდან ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა ექნება.
მიმდინარე სამშენებლო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.
„მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ისნის რაიონში, სადაც გასულ წლებში განხორციელდა ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი. 2024 წელს კი დავიწყეთ ახალი შენობის მშენებლობა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარია გამოყოფილი და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. მომავალი წლიდან კი 600-მდე პატარას თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მივიღებთ“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ.
პროექტი 20 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, რაც 600-მდე აღსაზრდელის მომსახურებას ითვალისწინებს. ბაღის შენობა ენერგოეფექტური მასალებით აშენდება და მოპირკეთდება. ბაღს ექნება სათამაშო მოედნები, ღია ტერასები აქტივობებისთვის, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან დამზადებული ატრაქციონები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
ასევე, სამშენებლო სამუშაოები რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ და საკრებულოს ფრაქციის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამაც დაათვალიერეს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.