ისნის რაიონში, დურმიშიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოები დურმიშიძის ქუჩის 452-მეტრიან მონაკვეთზე, 4 700 მ2 ფართობზე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე მოეწყობა ბორდიური, ტროტუარები და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 300 500 ლარით დაფინანსდა.
მათივე ინფორმაციით, დურმიშიძის ქუჩის გზის რეაბილიტაციას ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „სკინჩი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ისნის რაიონს კიდევ ერთი მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურულად გამართული ქუჩა შეემატება. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
დურმიშიძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო. მასთან ერთად, ადგილზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანიც იმყოფებოდა. მიმდინარე წელს, ისნის რაიონში, გამგეობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 74 მისამართზე განხორციელდა. მათ შორის, სრული რეაბილიტაცია 23 ქუჩას ჩაუტარდა, შიდა გზები და ეზოები ათ მისამართზე მოასფალტდა, ხოლო 27 მისამართზე გზა ფრაგმენტულად შეკეთდა.
ისნის რაიონის გამგეობა წლის ბოლომდე გზების რეაბილიტაციას დამატებით 40-ზე მეტ მისამართზე გეგმავს.