ისნის მე-2 საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტზე საოლქო კომისიამ მოკვლევა დაიწყო
ისნის მე-2 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტზე საოლქო კომისიამ მოკვლევა დაიწყო.
კომისიის თავმჯდომარეს თედორე გობეჯიშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც მეორე უბნის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთში თავად აგდებს ბიულეტენს, კანონდარღვევა იკვეთება.
ამასთან, თავმჯდომარის განცხადებით ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყვეს და უბნის თავმჯდომარეს მომხდარის შესახებ საოლქო კომისიისთვის არაფერი უცნობებია.
„ჩვენთვის ამ ფაქტის შესახებ დღეს გახდა ცნობილი ვიდეოს საშუალებით. იმავე წუთში დავიწყეთ მოკვლევა. დაბარებულები არიან მხარეები. ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში და რეაგირება იქნება უმკაცრესი. იმ დღეს ჩვენთვის მსგავსი ფაქტის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. რაღაც პატარა ინციდენტი იყოო, ასე მოვიდა ჩვენამდე ამბავი. გავიდა ჯგუფი უბანზე, მაგრამ მსგავსი არაფერი უცნობებიათ”, – განაცხადა თედორე გობეჯიშვილმა.
მისი თქმით, მეორე საარჩევნო უბნიდან არჩევნების დღეს ერთი საჩივარი საოლქოშიც შევიდა, თუმცა საჩივარში საუბარი იყო პროცედურულ დარღვევებზე და არა ძალადობის ფაქტზე.
“არჩევნების დღეს მეორე უბნიდან შემოვიდა საჩივარი, მაგრამ იქ ეწერა, რომ ხმის მისაცემად მივიდა ამომრჩეველი, მას მარკირება არ აღენიშნებოდა, შევიდა უბანზე მაგრამ სიაში ამ ამომრჩევლის გვარის გრაფაში უკვე იყო ხელმოწერა დაფიქსირებული”, – განაცხადა თედორე გობეჯიშვილმა.