ისმაილ ჰანიეს გლოვის ნიშნად თურქეთის საელჩოში დროშის დაშვების გამო ისრაელის საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩი დაიბარეს
ისრაელში თურქეთის ელჩი ქვეყნის საგარეო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც დიპლომატიურმა მისიამ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის გამო გლოვის ნიშნად საელჩოს შენობაზე დროშა დაუშვა.
როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, „ისრაელის სახელმწიფო არ იქნება შემწყნარებელი, როდესაც გლოვა ცხადდება ისეთი მკვლელის გამო, როგორიც ისმაილ ჰანიე იყო“.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი თეირანში მოკლეს, როდესაც ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული.
ისრაელს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა თეირანში აცხადებენ, რომ მკვლელობის უკან ისრაელი დგას. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორი აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.