ისლანდიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა
ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან მინიმუმამდე შემცირდა. ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებით, იანვარში ექვსი ახალი მიმართვა დაფიქსირდა, თებერვალში კი მხოლოდ – სამი.
ამასთან, იანვარ-თებერვალში სამსახურმა 42 ძველი მიმართვა განიხილა და თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიანიჭა.
ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასული წლის ივნისში 40 მიმართვა დაფიქსირდა, ივლისში 64, აგვისტოში 89, სექტემბერში 39. ამის შემდეგ კლება ფიქსირდება: ოქტომბერში 18 მიმართვა, ნოემბერში 14, დეკემბერში კი – სამი.
ივლისში ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამის შემდეგ საიმიგრაციო სამსახური განაცხადებს დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს და საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარზე უარს ეუბნება.