„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია“ აღმოსავლეთ იერუსალიმს პალესტინის დედაქალაქად აცხადებს
„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი 50-ზე მეტი მუსლიმური ქვეყნის ლიდერი აღმოსავლეთ იერუსალიმს პალესტინის დედაქალაქად აცხადებს და მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, აღიარონ პალესტინის სახელმწიფო და აღმოსავლეთ იერუსალიმი მის ოკუპირებულ დედაქალაქად.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ რიგგარეშე სამიტის დეკლარაციის პროექტში.
დეკლარაციის ტექსტის პროექტის ასლი სოციალურ ქსელში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გაავრცელა.
დოკუმენტის თანახმად, სამიტის მონაწილეები აშშ-ის გადაწყვეტილებას უარყოფენ და უმკაცრესად გმობენ.
სამიტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით აშშ ტოვებს სამშვიდობო პროცესს.
სტამბოლში მიმდინარე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგგარეშე სამიტი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოიწვია მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია 57 წევრს აერთიანებს, მათ შორის თურქეთს, აზერბაიჯანს, ეგვიპტეს, ირანს, ერაყს, არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და საუდის არაბეთს.