„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყის სამთავრობო ძალების სულ მცირე 25 ჯარისკაცი მოკლეს
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყის სამთავრობო ძალების სულ მცირე 25 ჯარისკაცი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ერაყის ქალაქ კირკუკის სიახლოვეს სამთავრობო ძალების ჯარისკაცებს თავს დაესხნენ და სულ მცირე 25 სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის სამხედრო მეთაურები ავრცელებენ.

თავდაპირველად გავრცელებული ცნობებით, მოკლული იყო 12 სამხედრო, თუმცა მოგვიანებით კიდევ 13-ის ცხედარს მიაგნეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლის ცნობით, ერაყის უსაფრთხოების ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ასაყვანად დევნას აწარმოებენ. მისივე თქმით, ტერორისტები პოლიციელების ფორმაში იყვნენ გადაცმულები, როცა ისინი ერაყელ სამხედროებს დაესხნენ თავს.

მომხდარის შესახებ განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, უსაფრთხოების სამსახურებს კი პასუხისმგებელი პირების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა დაავალა.

ერაყმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების შესახებ დეკემბერში განაცხადა. ქვეყნის მესამედი ტერორისტულ დაჯგუფებას 2014 წლის შემდეგ ჰქონდა კონტროლის ქვეშ. ამის მიუხედავად, დაჯგუფება ახერხებს პერიოდულ თავდასხმებს როგორც ბაღდადში, ასევე ქვეყნის სხვა ნაწილებში.