სირიის ჩრდილოეთით, მანბიჯის პროვინციაში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“, იგივე „დაეშის“ ექვსი წევრი მოკლეს. ერთ-ერთმა მათგანმა სიკვდილის წინ აღიარა, რომ შვედეთში მასშტაბურ ტერაქტს გეგმავდნენ. ინფორმაციას შვედეთის ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შვედეთის საინფორმაციო სააგენტო The Local -ის ინფორმაციით, ამერიკელმა ჯარისკაცებმა „დაეშის“ წევრების ლიკვიდაცია ივნისში განახორციელეს, თუმცა მანბიჯიში განლაგებულმა ამერიკის ჯარების მეთაურმა ინფორმაცია დღეს გაავრცელა.
გამოცემაში წერია, რომ „დაეშის“ დამარცხების შემდეგ, ერთ-ერთი ჯიჰადისტი შარიფ ალ რაგამი სტოკჰოლმში ჩასვლას და ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა. იგი ამერიკელმა ჯარისკაცებმა 26 ივნისს მოკლეს.