ისანში, მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ისნის რაიონის გამგეობამ მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნულ მონაკვეთში, ორბელებისა და დავით კვაჭანტირაძის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, 12 300 კვ.მ. ფართობზე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ელექტრო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა, ხოლო გზის გასწვრივ მოეწყო თანამედროვე ტიპის LED განათების სისტემა, ტერიტორიაზე მოეწყო მიწის ზედა სახანძრო ჰიდრანტიც.
საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს ისნის გამგებელი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც გაესაუბრნენ.
„ისანში ორი საკვანძო დასახლების – მეტრომშენისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო პროექტი განვახორციელეთ. აღნიშნულ მონაკვეთზე, საგზაო სამუშაოები მაღალი ხარისხით ჩატარდა, მთლიანად მოვაწესრიგეთ საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დღეიდან გადაადგილება მოსახლეობისთვის ბევრად კომფორტული გახდა“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 737 777 ლარით დაფინანსდა.