ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაცია განხორციელდება
ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე სპორტულ კომპლექსში კორტების რეაბილიტაცია განხორციელდება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.
„თბილისის მთავრობა დღეს, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარის გამოყოფის შესახებ იმსჯელებს. გვსურს, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე სპორტული კომპლექსი ისე მოვაწესრიგოთ, რომ იქ შესაძლებელი იყოს საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე, უნდა მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტის მქონე ორი ჰარდის კორტი და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს იქ არსებულ ადმინისტრაციულ შენობას. უახლოეს პერიოდში, კომპლექსის რეაბილიტაციაზე ტენდერს გამოვაცხადებთ და სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტირებული კორტები და შენობა სპორტული ინვენტარითა და საჭირო ავეჯით აღიჭურვება.