სალომე სამადაშვილი ინიციატივით გამოდის, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მსჯავრის მოხდის პროცესი გადაუვადდება
ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და კონკრეტული წინადადებები, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, ის არის პატიმრობაში და ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა, გამოსავალი, რათა მას მიეცეს ის უფლება, რაც არის ადამიანის ძირითადი უფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
ამასთან, სამადაშვილი ინიციატივით გამოდის, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მსჯავრის მოხდის პროცესი გადაუვადდება.
„სამართლიანი სასამართლოს, დიახ, სამართლიანი სასამართლოს უფლება და არა მურუსიძის სასამრთლოსი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ რამდენადაც მიხეილ სააკაშვილი გასამართლებული იქნა მისი თანამონაწილეობის გარეშე და ევროპული კონვენცია ითვალისწინებს, რომ ადამიანს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, განვიხილოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაადგენს, რომ – მიეცეს მსჯავრდებულს უფლება, გაასაჩივროს გამოტანილი განაჩენი სწორედ იმ მიზეზით, რომ ის არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და მეორე, ასევე განვიხილოთ, მივიღოთ შესაბამისი ცვლილება, რათა ეს პირი, შესაბამისად, ახალი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე გათავისუფლებული იქნას პატიმრობიდან, უფრო სწორად გადავადებული იქნას მისი მსჯავრის მოხდის პროცესი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამაზე დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მსჯელობა, რადგან ამ ვითარების კიდევ ერთხელ იგნორირება, გამოსავალი არანაირად არ არის. ასევე, უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტმა, ვფიქრობ, უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რაც შეეხება მაღალი პოლიტიკური პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას. იმიტომ რომ ხელისუფლება, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, გჯერათ თუ არა, ძალიან მალე შეიცვლება ამ ქვეყანაში და მურუსიძის სასამართლოს ხელში თქვენ აღმოჩნდებით. მმართველ გუნდს მივმართავ და არავის არ ვუსურვებდი მურუსიძის სასამართლოს ხელში მოხვედრას“, – განაცხადა სამადაშვილმა.