ისააკ ჰერცოგი - მსოფლიო არ უნდა დუმდეს, როცა „ჰეზბოლას“ ტერორისტებმა მოკლეს ბავშვები, რომელთა ერთადერთი დანაშაულიც გარეთ ფეხბურთის სათამაშოდ გასვლა იყო
მსოფლიო არ უნდა დუმდეს, როდესაც „ჰეზბოლა“ ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებს კლავს. ასე გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი გოლანის მაღლობის ჩრდილოეთით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას.
ჰერცოგის თქმით, ისრაელი მტკიცედ დაიცავს თავის მოქალაქეებსა და სუვერენიტეტს.
„„ჰეზბოლა“, რომელიც ირანის მიერაა შეიარაღებული და დაფინანსებული, არ ასხვავებს ბავშვებს ან მოზარდებს, ჯარისკაცს ან მოქალაქეს, ებრაელს ან მუსლიმს. „ჰეზბოლას“ ტერორისტები სასტიკად დაესხნენ თავს და მოკლეს ბავშვები, რომელთა ერთადერთი დანაშაულიც გარეთ ფეხბურთის სათამაშოდ გასვლა იყო“, – თქვა ჰერცოგმა.
ისრაელის მედიის ცნობით, გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30-მდე პირი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმა „ჰეზბოლამ“ განახორციელა, ხოლო რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. „ჰეზბოლა“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.