ისააკ ჰერცოგი - ამსტერდამში ისრაელელებზე თავდასხმა არის გამაფრთხილებელი ნიშანი ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ თავისუფლების ღირებულებებს
ისააკ ჰერცოგი - ამსტერდამში ისრაელელებზე თავდასხმა არის გამაფრთხილებელი ნიშანი ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ თავისუფლების ღირებულებებს

ამსტერდამში მომხდარი თავდასხმა არის გამაფრთხილებელი ნიშანი ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ თავისუფლების ღირებულებებს, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.

„დღეს დილით გავიღვიძეთ და ვნახეთ შემაძრწუნებელი სურათები და ვიდეოები, რომელთა ნახვაც 7 ოქტომბრის შემდეგ, ვიმედოვნებდით, რომ აღარ მოგვიწევდა. ეს არის სერიოზული ინციდენტი, გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, დაიცვას თავისუფლების ღირებულებები“, – წერს ჰერცოგი სოციალურ ქსელში.

ჰერცოგის თქმით, ენდობა ნიდერლანდების ხელისუფლებას, რომ „დაუყოვნებლივ იმოქმედებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავდასხმის ქვეშ მყოფი ყველა ისრაელელის დასაცავად, მოსაძებნად და გადასარჩენად და ყველა საჭირო საშუალებით აღმოფხვრის ძალადობას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ“.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამი ისრაელელი დაკარგულად ითვლება.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ამსტერდამში ისრაელელ ფეხბურთის გულშემატკივრებზე განხორციელებული მიუღებელი ანტისემიტური თავდასხმები. მისივე თქმით, დამნაშავეებს აუცილებლად მოძებნიან და ისინი დაისჯებიან.

ამსტერდამში „აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩის შემდეგ ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი. ამსტერდამის პოლიციამ განაცხადა, რომ თამაშის შემდეგ 57 ადამიანი დააკავეს.